საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ფოტო ხელოვნება » მორიელის ნიშანი 13  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ფოტო ხელოვნება ნანახია: (155) |  კომენტარები: (0) ავტორი: likalika1616  |  4-07-2012, 21:02  |  | გაუზიარე მეგობრებს


მეორე საღამოს ირაკლი ცუდ ხასიათზე დადგა. გიგამ დაურეკა და უთხრა, შენი დაცვის ობიექტის მეგობარი შინ გავუშვით, რადგან საკმარისი სამხილი არ გაგვაჩნდა მის დასაპატიმრებლადო. სწორედ ამან დააყენა ცუდ გუნებაზე. ვაითუ, ისევ დაიწყოს გოგონასთან დარეკვა, ვაითუ კვლავ ეცადოს, თავგზა აუბნიოს ბავშვს… ვინ იცის, რა აქვს ჩაფიქრებული, იქნებ მართლაც ბიძის დადგმული სცენარით მოქმედებს? იქნებ თაკოს მოკვლა უნდა? არ არის გამორიცხული, მის შეკვეთას ასრულებდეს. თაკო ჯერ ბავშვია, იმ ბიჭს არ გაუჭირდება, თბილი სიტყვებით თავბრუ დაახვიოს და სახლიდან გაიტყუოს. არა, რა თქმა უნდა, ირაკლი ყველანაირად ეცდება, თავიდან აიცილოს ასეთი უსიამოვნებები, ასეთ რამეს წამითაც არ დაუშვებს, მაგრამ ხომ ხდება… ისიც ადამიანია, მასაც გააჩნია ადამიანური სისუსტეები. ხომ შეიძლება ჩაეძინოს ან გასული იყოს იმ მომენტში დაცვის ზონიდან… არა ამას არ დაუშვებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბავშვი მას აბარია და ამისთვის ფულს უხდიან, მეორეც…

ნუთუ მართლა? ნუთუ შეყვარებულია და ეჭვიანობს? ასე უცებ? ჯერ თვეც არ გასულა, რაც გაიცნო. ასე მოკლე დროში ასეთ პატარა გოგოს არ შეეძლო მისი მოხიბლვა… მერედა, ვისი? უკარება, შეუვალი ირაკლი მეუნარგიასი? რომლის გულის მონადირება ნანას მერე ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო? რა ემართება?

ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ტკივილი ტკივილზე ემატებოდა. ყოველდღე წვეთ-წვეთად გროვდებოდა მასში და იზრდებოდა, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე. პირველად ნანას საქციელმა მოუღო ბოლო. მასთან განშორების მერე ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა. თითქოს იყო ხანმოკლე რომანები, ყოველ შემთხვევაში, მცდელობები, მაგრამ ვერავინ იგუა, ნანა ვერც ერთმა ვერ დაავიწყა. ირაკლი გაურბოდა ურთიერთობებს. მას უკვე დაავიწყდა, რა უნდოდათ მათ, ქალებს, რას ითხოვდნენ მისგან. მათ არ მოსწონდათ, როცა ირაკლი მათ მიმართ უხეში იყო. არც ის მოსწონდათ, როცა ზედმეტად რბილი ხდებოდა. მათ გარეშე ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, ბევრად თავისუფლად, უფრო უადვილდებოდა ცხოვრება.

ბოღმისგან დიდი ხანია, დაიცალა, მაგრამ ტკივილისგან _ ჯერაც ვერა, ის დარჩა. ავღანეთში გადატანილ უბედურებას ქალებთან წარუმატებლობა დაემატა. ომში მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა _ ოღონდ ახლა გადარჩეს, ოღონდ დაბრუნდეს და სიკვდილამდე ბედნიერი და გახარებული ვიქნებიო!

თუმცა დღემდე არ იცის, რას ნიშნავს, იყოს ბედნიერი და გახარებული. ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა. კარგი, ლამაზი ოჯახი, ბავშვებით და მოსიყვარულე ცოლით… მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს არ იყო პრეტენზიული. ზედმეტ ზრუნვას არ მოითხოვდა, პირიქით _ ეს თრგუნავდა. მაგრამ მთლად ამის გარეშეც არ შეეძლო, მისი ნაკლებობაც აღიზიანებდა. ხოლო ნორმალური “დოზა” არა და არ ეღირსა…

ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაეტანა, ერთხანს კვლავ წყალბურთს დაუბრუნდა, მალე ისიც მოჰბეზრდა და დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა. მოსწონდა პირადი მცველის პროფესია, დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ნამდვილი პროფესიონალი გახდა. თითქოს თავიდან აეწყო ცხოვრება, ფულიც გაუჩნდა, სახლიც მოაწყო, გამოიხედა თვალებში. მერე ამასაც შეეშვა და ხანგრძლივი შვებულება გამოუწერა თავის თავს…

მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. საკუთარი თავის შეცოდებაც ისწავლა და საკუთარი სულის დაცვაც სიყვარულისგან, ახალი ტკივილებისგან. ქალებს მხოლოდ გართობის მიზნით ხვდებოდა. მხოლოდ ასეთი ქალების ესმოდა. არასდროს განსჯიდა მათ, არც ეცოდებოდა, არც ყვარობდა. ის მხოლოდ იყენებდა მათ ისევე, როგორც ისინი იყენებდნენ მას _ რამდენსაც გასცემდა, იმდენსავე იღებდა.

და საბოლოო დასკვნამდე მივიდა _ როცა არ გიყვარს, ბევრად ადვილია ყველაფერი…

და პირად ბედნიერებაზე უარი თქვა. ასე იცხოვრა ოცდაცხრამეტ წლამდე… გიოს და გურამის გამოჩენამდე… ეყო, რაც გამოიარა… რაც ომში გამოსცადა. არ სჭირდება ახლის დამატება.

მაგრამ უკვე გვიან იყო, უკვე დაემატა…

სრულიად უადგილოდ თაკო გამოჩნდა ჰორიზონტზე. ამას კი ნამდვილად არ ელოდა, ვერც წარმოიდგენდა…

გოგონამ, როგორც ჩანს, ისეთი მიიღო, როგორიც არის. ის არ მოითხოვდა მისგან შეუძლებელს, იმას, რისი გაკეთებაც მამაკაცს არ შეეძლო. არასდროს დაინტერესებულა იმით, რამდენს გამოიმუშავებდა ირაკლი, მდიდარი იყო თუ ღარიბი, არ თაკილობდა მასთან ურთიერთობას, არ აძალებდა მოქცეულიყო ან ჩაეცვა ისე, როგორც მას არ სურდა…

ამით ის გამოირჩეოდა სხვა ქალებისგან. ეს პატარა, პირზე რძეშეუმშრალი ბავშვი…

მაგრამ უყვარდა კი ირაკლის? ზუსტად არ იცოდა. მაინცდამაინც არ იყო იმაში გარკვეული, რა ეტაპზე არქმევენ ურთიერთობას სიყვარულს. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით იცოდა _ არასდროს დაპირდებოდა ადამიანს იმას, რისი მიცემაც არ შეეძლო.

თაკო… ის საშიში ცდუნება იყო… ცდუნება იმისა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქალსა და მამაკაცს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარება. მის გვერდით ყოფნისას მიხვდა, რომ გოგონას სჭირდებოდა იგი, მისი ზრუნვა, მისი ყურადღება და სითბო, დაცვა, ბოლოს და ბოლოს… თაკო იღებდა ამ ყოველივეს და მასაც, ირაკლისაც, რა თქმა უნდა… ეს უკვე საჭიროზე მეტიც იყო მორიელისთვის, ეს თითქმის ბედნიერება იყო… ალბათ ამიტომაც გახდა გოგონა მისთვის ძალიან მშობლიური, ახლობელი და… სასურველი. იქნებ ეს სწორედ ის შემთხვევაა, რასაც სიყვარულს უწოდებენ? იქნებ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს, რომ შეყვარებულია? ჰოდა, აჰა, გამოუტყდა კიდეც, აღიარა, თქვა…

საათს დახედა, ორი გამხდარიყო… სადღაც ჭრიჭინების გულისგამაწვრილებელი ჭრიჭინი ისმოდა…

მოხდეს, რაც მოსახდენია… ახლავე შევა მასთან…

მტკიცე ნაბიჯებით გაიარა დერეფანი და თაკოს საძინებლის კარი თამამად შეაღო.

თაკომ ცალი თვალი გაახილა და უდარდელად გახედა. “გაივლის, გამოივლის და ისევ წავა”, _ გაიფიქრა და თვალი კვლავ დახუჭა.

მამაკაცი მიუახლოვდა, ერთხანს ასე იდგა გარინდებული, მერე კი ფრთხილად მიუწვა გვერდით. თაკოს სუნთქვა შეეკრა. გადასაფარებლიდან ხელი გამოყო და პირად მცველს მკერდზე გადაუსვა. ირაკლიმ ხელი დაუჭირა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. გოგონა გაშეშდა. რას ნიშნავს ეს? _ ეკითხებოდა თავის თავს.

ირაკლიმ მკერდში ჩაუყო ხელი, მოეფერა. იქ სითბო დახვდა, იმაზე მეტი, ვიდრე ელოდა… მამაკაცის ხელისგული წამით შეყოვნდა, თითქოს მის გულთან ხელის გათბობა უნდაო, თან გამალებით ფიქრობდა _ “ახლა რა გავაკეთო? გავაგრძელო? შევჩერდე?” თაკო გაუნძრევლად იწვა, მხოლოდ მკვრივი მკერდი აუდ-ჩაუდიოდა მღელვარედ, როგორც ზღვის ტალღა.

რამდენიმე წამის განმავლობაში ორივე დუმდა და ორივე გაუნძრევლად იწვა. არც ერთი მათგანი არ ირხეოდა, ვერც ერთი ვერ ხვდებოდა მეორის აზრს, სურვილი კი ორივეს წვავდა. ორი ერთიანად დაძაბული სხეული თითქოს წაქცეულ ქანდაკებად იქცა…

როგორც იქნა, ხელისგულმა იწყო გამოცოცხლება, თითქოს სული შთაბერესო. თაკოს ცხელ კანზე დაიწყო სრიალი. გოგონას სული შეუგუბდა. არა, ეს შეუძლებელია, ეს ყველაფერი ეჩვენება მხოლოდ.

_ ირაკლი… _ ჩურჩულით თქვა.

_ ჰო, _ ჩურჩულითვე უპასუხა ვნებამორეულმა.

_ მთვრალი ხარ?

_ არა.

_ ეს შენ ხარ?

_ მგონი, კი.

რადგან მთვრალი არ არის, ესე იგი…

თაკომ ინფორმაცია მსწრაფლ გადახარშა გონებაში… და გადაწყვიტა, დახმარებოდა მამაკაცს.

_ მაკოცე, გთხოვ…

მას თხოვნა არ სჭირდებოდა. ფრთხილად აკოცა ყელზე, მკერდზე…

ძლიერი ხელებით ეფერებოდა და გრძნობდა, როგორ ეძახდა ქალის სხეული. მერე წამოიწია და თვალებში შეხედა. დაიხარა, კიდევ… კიდევ… უფრო ახლოს… თაკო თვალს არ აშორებდა, ისე ელოდებოდა.

ირაკლი ფრთხილად შეეხო მისი ტუჩის კუთხეს, თითქოს ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, თითქოს თანხმობას ელოდა. თაკომ ვერ მოითმინა და ტუჩებზე დააკვდა.

ეს თანხმობას ნიშნავდა. მან სწორად გაიგო.

პირადი მცველი თავბრუდამხვევი სისწრაფით უკოცნიდა სახეს თავის “პატარას”. თაკომ თავი უკან გადააგდო, რომ მამაკაცისთვის უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო მისი კოცნა.

მან ყველაფერი სწორად გაიგო.

აცახცახებული ხელით ნელა გახადა პიჟამა, თვითონაც გაიხადა და როცა ქალის შიშველ სხეულს შიშველი შეეხო, იგრძნო, როგორ ელოდა ეს ცხელი სხეული მის ალერსს. იგი თრთოდა, კანკალებდა, სიამოვნებისაგან კანი ერთიანად დაეხორკლა…

თაკოს სიზმარში ეგონა თავი… ირაკლისაც. ადრე, სხვა ქალებთან ყოფნისას, პირველ რიგში, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, თავისი სურვილის დაკმაყოფილებაზე. ახლა კი მისთვის მთავარი და უპირველესი მიზანი ამ პატარა პრინცესასთვის სიამოვნების მინიჭება იყო. უცნაური, აქამდე განუცდელი შეგრძნება სდევდა თან. არა, სექსი სულაც არ უნდოდა. უმაგისოდაც იოლად შეძლებდა გასვლას, რადგან ეს ალერსი სიამოვნებდა ყველაზე მეტად, მოფერების პროცესი ანიჭებდა ღვთაებრივ ნეტარებას. იგი თითქოს წყლის ძლიერი ნაკადივით მოედინებოდა და სიცხისგან გათანგულს ნებიერად არწყულებდა.

მამაკაცი ხარბად ისრუტავდა ქალის სხეულის სურნელს, სისხლის დუღილს გრძნობდა ძარღვებში, მთელი არსებით მისცემოდა სიამოვნებას, კოცნიდა ყველგან, სადაც მოესურვებოდა _ იქაც, იქაც, იქაც… წერტილს არ ტოვებდა უკოცნელს… თაკო ხანდახან ჩუმად ამოიკვნესებდა, მისი სხეული ვნებიანად იხლართებოდა მის მკლავებში, მის მკერდში…

ყველაფერი ეს იყო ისე ბევრი და ისე მოულოდნელი, ირაკლი წამით ჩაფიქრდა _ შეძლებს კი გოგონას მოლოდინის გამართლებას?.. მოიცა, მორიელო, გონს მოდი! _ ფიქრებში შეუძახა თავს…

ცოტა ხნით ზურგზე გადაწვა, რომ გულისცემა დაეწყნარებინა, ოდნავ მაინც მოეთქვა სული… ვერც კი წარმოიდგენდა, ამხელა გრძნობა თუ გააჩნდა. არ ელოდა, ასე თავდავიწყებით თუ გადაეშვებოდა ვნების მორევში. მოძალებულმა ვნებამ ყველა ზღუდე გაარღვია, ყველა ბარიერი გადალახა… სადღაც გაქრა მორიელის თავდაჭერილობა, სიმშვიდე, სიფრთხილე… მისი ამაყი “მე” ხუხულასავით დაინგრა და უფსკრულში გადაეშვა, რათა წვრილ ნამსხვრევებად დაშლილიყო, ხოლო შემდეგ ისევ გამთლიანებულიყო და სხვა მამაკაცად გადაქცეულიყო _ უფრო ძლიერად, უფრო მოსიყვარულედ, უფრო ბედნიერად…

ყველაფერს შეუსრულებს, რასაც მოსთხოვს. თუ უნდა, მუხლებზე დაუჩოქებს, თუ უნდა, ყოველდღე თვითონ გაამზადებს სადილს, უმღერებს, ზღაპრებს მოუყვება, ფრაკის ჩაცმა რომ სთხოვოს, იმასაც ჩაიცვამს. საალერსო სიტყვების კორიანტელი რომ მოსთხოვოს, იმასაც იპოვის… მისთვის ყველაფერს გააკეთებს, მისთვის ყველაფერზე თანახმაა… მის გამო ყველაფერზე წავა… სიცოცხლეს ხომ უყოყმანოდ გასწირავს, ახლა იგი ყველაფერზე თანახმაა… თანახმაა, გახდეს ისეთი, როგორიც მას სურს… მას, თაკოს…

მაგრამ ის არ მოსთხოვს არაფერ იმას, რაც ჩამოთვალა. არასდროს მოსთხოვს… იმიტომ, რომ უპრეტენზიოა… იმიტომ, რომ ბავშვია… იმიტომ, რომ… ის ბევრად უმცროსია მასზე…

ის მხოლოდ ელოდა… ელოდა, როდის გააგრძელებდა მამაკაცი მის ალერსს. კითხვებს არ სვამდა, მხოლოდ ელოდა. თითქოსდა იცოდა, როგორ ებრძოდა პირადი მცველი უცნაურ, გამოუცდელ გრძნობებს.

პაუზა კი იწელებოდა…

_ ირაკლი…

მან თავი მძიმედ მიაბრუნა, ის ტკივილს გრძნობდა ამ აზრებისგან.

_ ირაკლი, მე… შენ…

თაკო დაიბნა და დადუმდა, თუმცა მალევე მოეგო გონს. ხელები კისერზე მოხვია და ყელზე დაეკონა.

_ დარჩი ჩემთან, სიხარულო… მომეფერე, მე შენ მჭირდები… მინდა, ძალიან მინდა შენთან… ვერ ვითმენ, ისე მინდა… ახლავე, ამწუთას, ამ ღამეს… არ მინდა არაფრის ახსნა, არ მჭირდება შენი თავის მართლება, უბრალოდ, მინდა რომ შენც გიყვარდე. ცოტათი მაინც, ძალიან ცოტათი. მე ესეც მყოფნის. დაივიწყე ასაკი… შენიც, ჩემიც… მე ქალი ვარ, პირველ რიგში, შენ _ მამაკაცი… და ესაა მთავარი. უშენოდ დავიღუპები, ირაკლი…

და ირაკლი უცებ მიხვდა, რომ თაკო, ეს პატარა გოგონა, მართალი იყო.

სიყვარულმა ხომ არ იცის დრო, სივრცე, ასაკი, ზომა, წონა… სირცხვილი და სინანული…

სიყვარულს ყველაფრის უფლება აქვს. ის ყველაზე ურცხვი გრძნობაა ყველა გრძნობას შორის, ის ყველაზე თავნებაა… და ყველაზე საჭირო და სასურველი…

_ მოდი ჩემთან, პატარავ, _ დაიჩურჩულა მან და ხელები მოხვია.

თაკო ჩაესვენა მის მკლავებში…

თაკო ჩაიკარგა მის მკლავებში.

და ირაკლიც ჩაიკარგა მასთან ერთად.

ისინი ორივენი ჩაიკარგნენ უსაზღვრო ალერსის ლაბირინთებში, ამოუცნობ ვნებათა ღელვაში, სადაც ერთად დახეტიალობდნენ, როგორც ბავშვები, ხელიხელჩაკიდებულნი და დაბნეულნი ათასნაირი ლამპიონით გაჩირაღდნებული ატრაქციონების პარკში…



…შუქი ჩაქრა… ატრაქციონი ჩაბნელდა… პარკი დაიხურა…

ძალაგამოცლილი ირაკლი ზურგზე გაწვა. აჰა, მორჩა… მან შეასრულა თავისი მოვალეობა, ითამაშა თავისი როლი. მოიქცა კი სწორად? ალბათ არა და ამას ვერასდროს აპატიებს თავის თავს…

აი, გათენდება და ხვალ ისევ ისეთივე ირაკლი გახდება, როგორიც აქამდე იყო. ეს არასდროს განმეორდება. მას არ ჰქონდა ამის უფლება, მით უმეტეს _ შეყვარების. ეს დიდი შეცდომაა მისი მხრიდან.

მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა საწოლზე.

_ რა დაგემართა, ირაკლი?

არ იცოდა, რა ეპასუხა. უნდოდა, ამდგარიყო და წასულიყო, მაგრამ არ უნდოდა, თაკოსთვის ეწყენინებინა. ამიტომ კვლავ დაწვა, ჩუმად, გაუნძრევლად. ვერ ხვდებოდა, რა ეთქვა, რა მოემოქმედებინა.

_ არ მეტყვი, რა გჭირს? _ ჩაეძია თაკო.

_კარგი, გეტყვი, _ ამოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ, _ ეს უსინდისობა იყო ჩემი მხრიდან…

გაუჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მაინც თქვა…

თაკოს პასუხი არ გაუცია. ირაკლიმ გააგრძელა.

_ შენ კარგი გოგო ხარ, არაჩვეულებრივად კარგი, ძალიან მომწონხარ, თავს დიდებულად ვგრძნობ შენ გვერდით, მაგრამ… არ მინდა მოგატყუო… ეს სიყვარული არ არის.

გოგონა შეირხა… მერე ძალიან ნელა წამოიწია, გვერდულად მოტრიალდა და მამაკაცს თვალებში ჩააშტერდა.

_ საუკეთესო დრო იყო აღიარებისთვის… ვერაფერს იტყვი… მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა. მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ და უსაშველოდ მჭირდები, _ იგი ერთხანს გაჩუმდა და მერე მშვიდად გააგრძელა, _ ახლა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. შეგიძლია წახვიდე, მე გაგიგებ.

ამის მაგივრად მორიელი მისკენ შებრუნდა, ხელები მოხვია და საწოლზე წამოაწვინა…

ისევ აბრდღვიალდა შუქი… ისევ აციმციმდნენ ლამპიონები… ისევ ახმაურდნენ თავბრუდამხვევი ატრაქციონები…

მამაკაცს კვლავ უყვარდა გოგონა…

დიდხანს და ნაზად…

ისე, როგორც შეეძლო… როგორც საჭირო იყო…

უყვარდა ისე, როგორც შეიძლება უყვარდეთ ქალი…

_ ირაკლი, _ დაიჩურჩულა თაკომ, _ შენ რომ იცოდე…

მაგრამ მას არ უნდოდა არაფრის ცოდნა. მამაკაცმა ქალის სიტყვები კოცნით ჩაახშო… ალერსით აავსო… მოფერებით დაახრჩო…

მერე თქვა, შემოვლის დროაო და ადგა…

და წავიდა… მისი პირადი მცველი…

მამაკაცი, რომელსაც ბრმად ენდობოდა…

ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული თაკო ბალიშს ჩაეხუტა და ღრმა ძილს მისცა თავი.



ეზოდან შემოსულმა პირველი სართული დაიარა და მეორეზე ავიდა. უხმაუროდ მიუახლოვდა თაკოს საძინებლის კარს. სიჩუმე იყო. ძალიანაც კარგი. მართალია, ეს სიჩუმე ხელს უშლიდა ირაკლის, კიდევ ერთხელ შესულიყო მის ოთახში, მაგრამ ამწუთას ასე ჯობდა…

ირაკლის ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, თუ ორივე ოთახს მასპინძელივით თავისად დაიგულებდა და უკითხავად შეძლებდა იქ შესვლას, მთელი სახლის პატრონის როლში აღმოჩნდებოდა. ეს კი არ იქნებოდა მართებული… რას იფიქრებს გურამი? ჩემი არყოფნით ისარგებლა და ჩემს შვილს და ქონებას ერთიანად დაეპატრონაო? არა, ასე არ შეიძლება. მას თავისი კლიენტი არ უნდა შეუყვარდეს, ეს აკრძალულია, ეს წესი არ არის. ამისთვის დაისჯება…

ნეტავ შეეძლოს, ყოველდღე თავისი სახლიდან იაროს… ნეტავ დღისით მაინც არ იყოს თაკოზე თავდასხმის საშიშროება, მაგრამ, ვაი, რომ ასე არ არის. არადა, ასე რომ ყოფილიყო, მარისაც მეტ ყურადღებას მიაქცევდა. ვინ იცის, როგორ იქცევა მის არყოფნაში, ზედმეტად ბევრი თავისუფლება აქვს მინიჭებული. ცოტას მაინც გააკონტროლებდა… თუმცა, მარი არასდროს იღებს მის შენიშვნებს. “ჯერ საკუთარი შვილები გააჩინე და მე მერე მასწავლე ჭკუა!” _ გაახსენდა პირად მცველს დისშვილის გაღიზიანებული რეპლიკა.. არადა, მარი მართალი იყო. დროა, საკუთარი ჰყავდეს, დიდი ხანია, დროა… ამისთვის კი ცოლის შერთვაა აუცილებელი, დაქორწინება… ამ აზრმა გუნება გაუფუჭა. ვერც კი შეამჩნია, როგორ მიეჭყლიტა შუბლით დერეფნის ფანჯრის მინას, ღამის სიბნელეს თვალებმიშტერებული.

რას ნიშნავს დაქორწინება? ვისზე უნდა დაქორწინდეს? ადრე ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა, ახლა _ მით უმეტეს… ახლა თაკოთია მოწამლული, მაგრამ ესმის, რომ არ შეუძლია მის გვერდით იყოს, ისინი შესაფერისი წყვილი არ არიან ერთმანეთისთვის… მაგრამ… აწი მთელი ცხოვრება დაიწყებს მისნაირის ძებნას, თაკოსნაირის _ თავისი ურთიერთგამომრიცხავი დადებითი და უარყოფითი თვისებების ერთობლიობით. მასში დელიკატურობა, სიკეთე, უკმეხობა გასაოცრად იყო შერწყმული ნატიფ სულთან, შინაგან სიძლიერესთან, სიმამაცესთან… მკვეთრად გამოხატული ხასიათი ჰქონდა, დამოუკიდებელი იყო, ინდივიდუალური _ ქალი თავისი სამყაროთი, თავისი საქმითა და მრავალფეროვანი ცხოვრებით… თავისი მიზნებითა და სწრაფვით…

აი, ირაკლის კი არ გააჩნდა თავისი სამყარო. და არც ის იცოდა, რა დანიშნულება ჰქონდა მის არსებობას, რა მისია დააკისრა განგებამ, რისთვის მოევლინა დედამიწას? არც ოჯახი ჰყავდა, არც შვილები. არაფერი ამქვეყნად არ გააჩნდა… როგორც ღატაკს. სამსახური ჰქონდა ერთადერთი. თუ ამას სამსახური ჰქვია! გამუდმებით სიკვდილის შიში! გამუდმებით სხვისი დაცვა. რა რჯიდა, რატომ მიუბრუნდა ძველ პროფესიას? ნუთუ ესეც ბედისწერა იყო? როდის უნდა მოიცალოს პირადი ცხოვრებისთვის? ჰმ, რა გვიან გაახსენდა პირადი ცხოვრება…

გააჟრჟოლა. უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორება გადაწყვიტა. შუბლი მინას მოაცილა, სამზარეულოში უხმაუროდ ჩავიდა და ყავის მოდუღებას შეუდგა…

მერე ფინჯნით ხელში კიდევ ერთხელ დაიარა სახლი. იცოდა, ზედმეტი იყო ხელმეორე შემოვლა, მაგრამ დრო გაჰყავდა, უნდოდა, რაღაცით დაკავებულიყო, რადგან მაღლა ასვლას გაურბოდა, ფეხები არ ემორჩილებოდნენ, თავისით მიემართებოდნენ თაკოს საძინებლისკენ.

იქ შესვლის უფლება კი არ ჰქონდა… ყველაფერი გააფუჭა და გამოსწორებას ახლა ცდილობდა…

არა, არა და არა! ამას მეტჯერ აღარ გაიმეორებს.

დიდხანს ებრძოდა თავს… სიმწრის ოფლმა დაასხა. ეს რა გამოცდა მოუწყო ბედისწერამ, ეს რა დღეში ჩააგდო… რა ქნას, თუ თაკოსთან უნდა? რატომ უნდა ასე ძლიერად?

იმიტომ, რომ…

იმიტომ, რომ შეყვარებულია… აი, რატომ. ყველაფერი დღესავით ნათელია! მაინც არ შევა. მას აქვს ამის ნებისყოფა!

…ისე გათენდა, ირაკლი არ მიბრუნებულა მასთან…

…იგი დილის რიჟრაჟს თავის ოთახში შეხვდა…

თვალებში აცრემლებულ ძილგატეხილ ჭინკებთან ერთად.

მკლავზე სურვილით მოცახცახე მორიელის სვირინგთან ერთად…

ამ ფიქრებში გართულმა ირაკლიმ კიდევ ერთხელ დაამთავრა შემოვლა, მერე ცივი წყალი გადაივლო და ძალაგამოცლილმა ლოგინს მიაშურა. თავი ბალიშზე დადო თუ არა, მაშინვე ჩაეძინა…

ნანა ესიზმრა… რამდენი ღამეა, არ დასიზმრებია… სადღაც გაშლილ ველზე იყვნენ, რომელსაც მდინარე ჩაუდიოდა. ნანა იქითა ნაპირზე იდგა, სრულიად შიშველი და ირაკლის ბროწეულისფერ თხელ შარფს ნაზად უქნევდა. მორიელს საიდანღაც ახსოვდა ეს შარფი, ზუსტად ეს ფერი, სურნელიც კი დაამახსოვრდა მისი _ ინგლისური დასახელების უძვირფასესი ფრანგული სუნამოსი, თუმცა სახელი სიზმარში ვერ გაიხსენა… და იგი გარბოდა ამ ქალისკენ, ამ სხეულისკენ, რადგან… მასში იყო თავმოყრილი მისი ბედნიერების თავიც და ბოლოც, დასაწყისიც და დასასრულიც… მთელი მისი ცხოვრების აზრი… მაგრამ მეორე ნაპირი თანდათან წყალში იძირებოდა, როგორც კი ირაკლი ბალახზე ფეხს დაადგამდა, მიწა ნელ-ნელა რღვევას იწყებდა და მის ნაკვალევზე ჭაობი ჩნდებოდა. მამაკაცი მძიმედ იძირებოდა მწვანე მახეში, ცდილობდა, ამომძვრალიყო, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. ამის გამო იძულებული ხდებოდა, ძველ ადგილს დაბრუნებოდა. ერთი ნაბიჯითაც ვერ შეძლო მიახლოებოდა სანუკვარ ქალს, ის კი უქნევდა და უქნევდა შარფს, იცინოდა და იცინოდა…

შემდეგ მის სმენას გასროლის ხმა მისწვდა და მიხვდა, რომ თაკოს ესროდნენ. უკან მოიხედა… მართლაც თაკო დალანდა. ახლა მისკენ გადაწყვიტა გაქცევა, რათა მიშველებოდა. მახრჩობელა მინდორი კი ამის საშუალებასაც არ აძლევდა. ირაკლი დაჭაობებული ველის ტყვე აღმოჩნდა _ იგი არც პირველი ქალისკენ უშვებდა მამაკაცს და არც მეორისკენ…

მოულოდნელად თვალები გაახილა… თავის საწოლში იწვა. მთელმა ღამემ თვალწინ გაურბინა. ნახევრად ძილბურანში მყოფმა თავდაპირველად ვერც გაარჩია, რა იყო ცხადი და რა სიზმარი, ისე აერია გონებაში ყველაფერი. ჰო, თაკოსთან იყო… ჰო, რაღაც მოხდა, მაგრამ… რა მოხდა? რა იყო ეს? რატომ მოხდა? რისთვის? გამოფიტვა, თავზარდაცემა, შეცბუნება, აღგზნება, კმაყოფილება, აღტაცება… _ ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების აღრევა ხდებოდა მის სულში, სრულ ქაოსს მოეცვა იგი…

ადგომის თავი არ ჰქონდა. ფანჯარაში გაიხედა, უკვე გათენებულიყო. ყური მიუგდო. სახლი სიჩუმეში ჩაფლულიყო. არა, ვიღაცის ნაბიჯების ხმა ესმის… მსუბუქი, თაკოსეული… ასე მხოლოდ თაკო დადის, სხვა არავინ…

კარი გაიღო და ის შემოვიდა თხელ, გამჭვირვალე ბროწეულისფერ პენუარში მოლივლივე. ეს ის ფერია, სიზმარში რომ ნახა, მაგრამ შარფი? ის შარფი საიდან ახსოვს? ჰო, გაახსენდა… ის შარფი მერის ეკეთა ხოლმე, გურამის მეორე ცოლს… ბოლოს იმ ღამეს ნახა, აეროპორტში რომ აცილებდა, ყელზე მსუბუქად ჰქონდა შემოხვეული…

_ გაიღვიძე? _ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონამ. თმაგაწეწილს სახე გაფითრებოდა, თვალების ირგვლივ შავი ჩრდილები გასჩენოდა.

ირაკლი საწოლზე წამოჯდა. არ იცოდა, როგორი რეაგირება უნდა მოეხდინა თაკოს ფამილარული ღიმილით ნათქვამ “გაიღვიძეზე”. მან არ იცოდა, ელაპარაკა თუ არ ელაპარაკა ასეთი ბობოქარი, ასეთი ვნებიანი ღამის შემდეგ. ერთი რამ, რაც დანამდვილებით იცოდა, რომ უნდოდა, შეკითხვა იყო: “რატომ, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? რაში სჭირდება თაკოს მისი სიყვარული?” მაგრამ ხვდებოდა, რომ შეკითხვა უაზრო იყო, რადგან გოგონა პასუხს არ გასცემდა, თუმცა ამწუთას ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. მას უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული თემები ჰქონდა თაკოსთან ერთად განსახილველი.

_ დილა მშვიდობისა, _ მისასალმებლად პირადმა მცველმა ყველაზე ნეიტრალური ტონი აირჩია, _ ადრე გაგიღვიძია, მეგონა, ჯერ შუა ძილში იქნებოდი…

თაკომ მისკენ საკოცნელად გაიწია, მაგრამ მამაკაცმა ცივად დაუხვედრა ხელი და უცნაურად გაუღიმა.

_ ახლა ამის დრო არ არის, წადი, ჩაიცვი, სალაპარაკო გვაქვს! _ მისდა უნებურად, მაინც გულგრილად გამოუვიდა.

გოგონას ღიმილი პირზე შეაშრა. ისედაც ჩაშავებული თვალის უპეები უფრო ჩაუშავდა. ერთხანს გაქვავებული იჯდა მის საწოლზე და თვალს ადევნებდა, როგორ იცვამდა მამაკაცი. მერე მძიმედ წამოდგა, თავი დაღუნა და ისე გავიდა ოთახიდან, სიტყვა არ დაუძრავს. ირაკლიმ ნაღვლიანი მზერა გააყოლა…

საუზმემ დუმილით ჩაიარა. ორივე უგულოდ ილუკმებოდა. ირაკლის კინაღამ ყელში გაეჩხირა შემწვარი კარტოფილი.

_ არ მეტყვი, რა უნდა მითხრა? _ სიჩუმე გოგონამ დაარღვია, დანა-ჩანგალი დადო, თითები ერთმანეთში გადახლართა და პირად მცველს მიაჩერდა.

ჭინკები მიიმალნენ მის თვალებში. მამაკაცმა მზერა აარიდა და სადღაც შორს, სივრცეში გაიხედა.

_ შენ წინასწარ უნდა გეთქვა ჩემთვის, ასე არ შეიძლება, _ დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ ირაკლიმ.

_ რა უნდა მეთქვა? _ ვერ მიუხვდა გოგონა.

_ ის, რომ… ის, რომ… მე შენთვის პირველი მამაკაცი ვიყავი.

_ მერე რა მოხდა? ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო პირველი? _ მიამიტურად გაუღიმა თაკომ.

_ ეს სახუმარო არ არის, პატარავ, _ ჭინკები განრისხებულნი ამოძრავდნენ თვალის გუგებში, _ გესმის? ეს არ არის სახუმარო! _ ხმას აუწია მორიელმა.

_ სულაც არ ვხუმრობ. მერე რა, განა რამე დაშავდა ამით?

_ მომისმინე, პრინცესა… ეს მეტჯერ აღარ უნდა განმეორდეს…

_ როგორ? _ თაკოს შუბლზე კოპები დააჯდა.

_ არ უნდა განმეორდეს მანამ, სანამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, _ დაასრულა მამაკაცმა და ღრმად ამოიხვნეშა.

_ რატომ, ეს რა შუაშია?

_ იმ შუაშია, რომ შენთან სიახლოვე მე ხელს მიშლის მუშაობაში. გასაგებად ავხსენი? შეიძლება ისეთი რამეები გამეპაროს, რასაც მერე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. მე აქ შენს დასაცავად ვარ მოვლენილი და არა…

_ და არა ჩემთან სასექსაოდ… ამის თქმა გინდა?

_ რაც გინდა, ის დაარქვი. მე ვმუშაობ, დროს კი არ ვატარებ.

_ აჰ! აი, თურმე, რაშია საქმე. მუშაობ… სამსახური სიყვარულს ხელს არ უშლის.

ამ სიტყვის გაგონებაზე ირაკლის შეცბუნება შეეტყო სახეზე, ჭინკები თითქოს დაიბნენ, აქეთ-იქით მიაწყდნენ თვალის გუგებს. თაკო ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ირაკლის რეაქცია _ მისი სიყვარულის მიღებას თუ უარყოფას. დასკვნა ვერ გამოიტანა _ უყვარდა მამაკაცს, თუ განვლილი ღამე მხოლოდ წუთიერი სისუსტის გამოხატულება იყო.

ირაკლიმ მისი რეპლიკა უპასუხოდ დატოვა. თეფში განზე გასწია, შუბლი მოისრისა და უსიტყვოდ წამოდგა. ჯერ უაზრო ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში, მერე კი გაღიზიანებული გარეთ გავარდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად…
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
meteo.gov.ge
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:


navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation